რა სიახლეებია?

წრედის განახლებული არე

კომპიუტერის Tor-ბრაუზერში Tor-წრედის ნახვა თითოეული ჩანართისთვის შესაძლებელია წრედის არეში. ამ გამოშვებამდე წრედის ხილვა ხერხდებოდა საიტის მონაცემების არედან – ანუ მის გამოსაჩენად საჭირო იყო საკეტის ნიშანზე დაწკაპება (ან ხახვის ნიშანზე onion-საიტების შემთხვევაში) მისამართების ველის მარცხენა მხარეს. სამომხმარებლო შემოწმების მონაწილეებს ხშირად უჭირდათ წრედის მონახვა და მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის წინასწარ უნდა გესწავლებინა, სად მდებარეობდა.

ამის გამოსასწორებლად წრედის არე გადავიტანეთ ფერადი ნიშნის ქვეშ საკეტის გვერდით. აგრეთვე, გადამცემებს უკვე ახლავს დროშები მდებარეობის თვალის ერთი შევლებით ამოსაცნობად; Onion-საიტის წრედების იერსახეც მეტად სადა გახდა; SecureDrop-ის მომხმარებლებს, რომლებიც ეწვევიან საიტს ადვილად ამოსაკითხი სახელით, ახლა უკვე შეუძლიათ იხილონ ან დაბრუნდნენ V3 onion-მისამართზე; ამასთანავე, მთლიანი არე ნულიდან აიწყო გაუმჯობესებული თავსებადობისთვის ეკრანის წამკითხველებთან.

ეკრანის სურათი განახლებული წრედის ჩვენებით securedrop.org საიტზე Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე

Onion-საიტის ახალი ხატულები

წინათ Onion-საიტები წარმოდგენილი იყო Onion-ნიშნით – Tor-ბრაუზერის მცირე, ბრტყელი ხახვის ხატულათი. ახლა კი, როცა ეწვევით Onion-საიტს Tor-ბრაუზერის 12.5 ვერსიით კომპიუტერიდან ან Android-იდან, შენიშნავთ სიახლეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Onion-მომსახურებები არ უკავშირდება უშუალოდ Tor-ბრაუზერს და თავისთავად არსებული ნაწარმია. Onion-მომსახურებები უკვე მეტად ათვისებულია სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების, უფლებადამცველებისა თუ ახალი ამბების გამოცემების მიერ, შესაბამისად, გარეშე მხარის პროგრამებიდანაც მხარდაჭერილი გახდა ამგვარი საიტების მონახულების შესაძლებლობა. დღესდღეობით, გარდა Tor-ბრაუზერისა, Onion-მომსახურებებთან წვდომისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Orbot, Onion-ბრაუზერი, Brave და კიდევ არაერთი პროგრამა. გამომდინარე აქედან, აღარაა აუცილებელი Onion-საიტების წარმოდგენა Tor-ბრაუზერთან დაკავშირებული ხატულებით და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ახალ ნიშნებს მათ ამოსაცნობად.

ეკრანის სურათი ProPublica-ს onion-საიტისა Tor-ბრაუზერში კომპიუტერსა და Android-ზე

ადვილად დაკავშირების გაუმჯობესებული საშუალება

Tor-ბრაუზერში 10.5 ვერსიიდან კომპიუტერისთვის უკვე მოცილებულია Tor-გამშვები, რომელიც ჩანაცვლებულია Tor-თან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობის მქონე ბრაუზერის ახალი ფანჯრით. შედეგად საშუალება მოგვეცა, რომ დამატებით Tor-ბრაუზერის სხვა მენიუებიც გამხდარიყო ხელმისაწვდომი ხაზგარეშედ, მათ შორის დაკავშირების პარამეტრები, რომლებიც გაცილებით მეტ არჩევანს გთავაზობთ გამართვისას, ვიდრე მსგავსი დანიშნულების Tor-გამშვებით ხერხდებოდა.

აღნიშნული გამოშვებიდან მოყოლებული, სამომხმარებლო შემოწმების მონაწილეებს ზოგჯერ უძნელდებოდათ გამოერკვიათ, როგორ დაკავშირებოდნენ Tor-ს დაკავშირების ჩანართიდან სხვა გვერდებზე გადასვლის შემდგომ. ამის მოსაგვარებლად დაკავშირების ღილაკი ხელმისაწვდომი გავხადეთ მისამართების ველში ნებისმიერ გვერდზე კავშირგარეშედ ყოფნისას და Tor-ბრაუზერი თავადვე მიუერთდება, როგორც კი გამართავთ გადამცემ ხიდს დაკავშირების პარამეტრებიდან. აგრეთვე გავაუმჯობესეთ მიმდინარე კავშირის მდგომარეობის ხილვადობა, მისი პოვნა შეგიძლიათ ფანჯრის ზედა მარჯვენა არეში და მთელ ბრაუზერში შეამჩნევთ დაკავშირების ახალ ხატულასაც.

ეკრანის სურათი კავშირის პარამეტრების ჩანართისა დაკავშირებამდე Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე

გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა

ვინაიდან Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox-ის გაფართოებული მხარდაჭერის გამოშვებაზე, ვცდილობთ მეტწილად Firefox-ის სამომხმარებლო გარსით ვისარგებლოთ, რომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ პირადულობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად ამისა, Tor-ბრაუზერი შეიცავს არაერთ მორგებულ გვერდსა თუ შემადგენელს, რომლებიც არ გააჩნია Firefox-ს.

Mozilla-ს ხანგრძლივი ძალისხმევის თანადროულად Firefox-ის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, ჩვენც დავიწყეთ ხელმისაწვდომობის საკითხების გადამოწმება Tor-ბრაუზერის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ხარვეზების აღსარიცხად კომპიუტერზე. გადამოწმება უკვე დასრულებულია და გადავედით პირველი ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც არაერთ მომდევნო გამოშვებაშიც გაგრძელდება Tor-ბრაუზერის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად.

Tor-ბრაუზერის 11.5 ვერსიიდან მოყოლებული, სრულად გადაკეთდა მისი რამდენიმე შემადგენელი, მათ შორის ცვლილებების შესახებ ერთიანი ჩანაწერ (about:tbupdate), წრედის მაჩვენებელი, უსაფრთხოების დონის არე, სხვადასხვა სარკმელი და ბრაუზერის გარსის ნაწილები. თუ სარგებლობთ ეკრანის წამკითხველით ან სხვა დამხმარე საშუალებებით, მოხარულნი ვიქნებით თქვენგან მხარდაჭერის მიღებითა და წვლილის შემოტანით ხარვეზების გამოსავლენად Alpha-შემოწმებაში მოხალისეობრივი ჩართვით, ანდა გამოხმაურების გამოგზავნით ჩვენი შემმუშავებლებისათვის Tor-ფორუმში.

ეკრანის სურათი აღრიცხვის შიდა ჩანაწერბითა და უსაფრთხოების დონის გაშლილი არე Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე

ფინური ენის მხარდაჭერა

Tor-ბრაუზერის 12.0 ვერსიაში დაემატა ალბანური და უკრაინული. ახლა კი უღრმეს მადლობას მოვახსენებთ გაწეული დიდძალი შრომისთვის ჩვენს მოხალისე მთარგმნელებსა თუ თანამშრომლებს Localization Lab პლატფორმიდან, მოხარულნი ვართ, რომ ფინური (სუომი) ემატება ასარჩევ ენებში როგორც კომპიუტერზე, ასევე Android-ის ვერსიაზე. თუ რამე შეცდომას წააწყდებით ფინურსა და სხვა ენებზე, შეგიძლიათ იხილოთ, როგორ შეიტანოთ თარგმანში წვლილი Tor-ბრაუზერისთვის, სახელმძღვანელო მასალებისა და საიტებისთვის თარგმნის გვერდიდან.

ეკრანის სურათი დაკავშირების გვერდისა ფინურ ენაზე Tor-ბრაუზერში კომპიუტერსა და Android-ზე

გამოგვეხმაურეთ

თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ. გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.

დახმარება გესაჭიროებათ?

იხილეთ ერთობის შესახებ ᲮᲓᲙ

მიიღეთ მხარდაჭერა

შეგვეხმიანეთ

მოგვწერეთ სასაუბროში!

შემოგვიერთდით IRC-ში